მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, კიევის სააპელაციო სასამართლოში,  პროკურატურის საჩივრის განხილვა  გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დღეს უკრაინაშიც იმსჯელებენ. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა კიევის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება. სხდომა 22 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, სხდომა იმის გამო გადაიდო, რომ სასამართლოსთვის საქმის მასალები არ იყო გადაცემული.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ კიევის პეჩორის რაიონული სასამართლოს 11 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.