თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 31 643-ს მიაღწია. სამძებრო-სამაშველო და სალიკვიდაციო ოპერაცია სტიქიით დაზარალებულ ზონაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველებმა ჰატაიში მიწისძვრიდან 175 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან კიდევ ერთი ქალი ცოცხალი ამოიყვანეს. დაზარალებული რეგიონებიდან 148 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
რაც შეეხება სირიას, დაღუპულია 4 574 ადამიანი. ამბოხებული ოპოზიციის კონტროლირებად ტერიტორიაზე, მიწისძვრის შედეგად 2 000 შენობა სრულად ან ნაწილობრივ დაინგრა. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის რამდენიმე რაიონში მოხალისეებმა დაიწყეს გზების გახსნა, რომლებიც ნანგრევების გამო დაკეტილი იყო.
გაერო-ს ინფორმაციით, ალეპოსა და ლატაკიაში მიწისძვრის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა 350 000-მდე ადამიანი. გაერო-მ სირიის დაზარალებულ რაიონებში 110 ტონა სამედიცინო დახმარება გაგზავნა.