ევროკავშირის დახმარება თურქეთს

ევროკავშირის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კონფერენციაზე, საერთაშორისო დონორები თურქეთს მიწისძვრის შემდგომ აღდგენაში დასახმარებლად შვიდი მილიარდი ევროს გამოყოფას დაჰპირდნენ. აღნიშნული თანხიდან, ერთი მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს ევროკომისია. ამასთან, ევროკომისია 108 მილიონ ევროს დახარჯავს სირიაში მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებაზე. დონორთა კონფერენციას ბრიუსელში შვედეთის პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ხელმძღვანელობდნენ. 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში 56 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კონფერენციის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად თურქეთისთვის მიყენებული ზარალი 104 მილიარდ დოლარს შეადგენს. როგორც ერდოღანმა განაცხადა, ხელისუფლება ერთი წლის განმავლობაში 319 ათასი საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს.