მარტა კოსის განცხადება – შეფასებები
ევროკავშირში გაწევრიანების ახალი წინაპირობები – მარტა კოსის განცხადება ისევ აქტიურად განიხილება პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი გუნდი ნეგატიურად აფასებს ევროკომისრის გზავნილებს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ევროპელი ბიუროკრატები თავისუფლების აკრძალვის ყველა შესაძლებლობას მიმართავენ. ოპოზიციის ერთ ნაწილს იმედი აქვს, რომ ევროპა და ამერიკა ურთიერთობებს დაალაგებენ. მეორე ნაწილი კი აკრიტიკებს. შეგახსენებთ, მარტა კოსმა ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირების გაწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წევრობისთვის ეს აუცილებელი ნაბიჯია. კოსის თქმით, ევროკავშირი ზეწოლას განიცდის დასავლეთიდან, MAGA-ს იდეოლოგებისგან, რომლებიც ცდილობენ ევროპელების დარწმუნებას, რომ „ევროპული ცივილიზაცია დაღმასვლას განიცდის“. ევროკომისრის შეფასებით, ჩინეთი „განსხვავებული შემთხვევაა“ და ამ ეტაპზე ევროკავშირი მისგან რუსეთის მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიების ნიშნებს ვერ ხედავს. კოსის განცხადებით, ჩინეთი კანდიდატ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ცდილობს, რათა ევროკავშირში მათი გაწევრიანების შემდეგ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.