პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა დაყოფილია, უყურადღებოდ არავინ დარჩება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ემანუელ მაკრონის თქმით, ქვეყანაში დამდგარი ახალი ერა არ გააგრძელებს წარსული ხუთი წლის მეთოდებს. მაკრონმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას ხმა მისცა და ასევე აღნიშნა, რომ ბევრმა მისცა ხმა ულტრამემარჯვენეების დაბლოკვის მიზნით. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამიერიდან ის არა ერთი ბანაკის კანდიდატი, არამედ ყველა მოქალაქის პრეზიდენტია. „უკრაინის ომი აჩვენებს, რომ ჩვენ ტრაგიკულ დროში ვცხოვრობთ“, – დასძინა მაკრონმა.
წინასწარი გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი ხმათა 58.2 პროცენტით იმარჯვებს. არჩევნების დასრულების შემდეგ პარიზისა და ლიონის ქუჩებში მაკრონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები პოლიციას ფოიერვერკებს ესვროდნენ, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.