სოლიდარობა, მადლობა და მხარდაჭერა ჯანდაცვის სექტორს – ამ წუთებში საქართველოში უჩვეულო აქცია იწყება. მოქალაქეები მადლიერების ტაშს უკრავენ ადამიანებს, რომლებიც უკვე 21-ე დღეა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოჯანმრთელებისთვის იბრძვიან და დაავადების გავრცელების შეჩერებას ცდილობენ. ესენი არიან დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები, ექიმები, სასწრაფო დახმარების სამსახურის ბრიგადები, ფარმაცევტები, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები, მედდები, სანიტრები – პერსონალი, რომელიც ყოველდღე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, „კოვიდ 19“-ის დამარცხებას ცდილობს და ჩვენს ჯანმრთელობას იცავს.
დღეს, როდესაც მსოფლიო ახალი სახეობის კორონავირუსის სახით გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, სამედიცინო სექტორის თითოეული წარმომადგენლის წვლილი და შრომა ფასდაუდებელია. ამიტომ ჩვენ, მოქალაქეები მათ მიმართ მხარდაჭერასა და მადლიერებას შესაბამისი ჟესტით – ტაშით გამოვხატავთ.
მოხალისეთა ინიციატივით მიმდინარე სიმბოლურ აქციას მარიკა შალიკაშვილი აშუქებს.