კვარაცხელიას მორიგი აღიარება

ხვიჩა კვარაცხელია სერია „A“-ს ოფიციალურმა გვერდმა აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. გამოკითხვაში, რომელიც სოციალურ ქსელებში ტარდებოდა, ქართველი თავდამსხმელი იტალიის ჩემპიონატის ოთხ ფეხბურთელთან ერთად დასახელდა.

სერია „A“-ს დებიუტანტი ქართველი მოთამაშე საუკეთესოდ ხმების უმრავლესობით აღიარეს. აგვისტოში ჩატარებულ ოთხ მატჩში კვარაცხელიამ სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. სექტემბერში ხვიჩამ ანგარიშზე კიდევ ერთი გოლი მიიმატა. ამ გამოკითხვამდე კვარაცხელია აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამაც დაასახელა.