კორონავირუსის გავრცელების არეალი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ კორონავირუსს ზაფხულშიც ექნება გავრცელების უნარი. მაიკ რაიანის განცხადებით, ჯერ უცნობია, რა აქტიურობა და ქცევა ექნება ვირუსს განსხვავებულ კლიმატურ პირობებში.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის პირველი შემთხვევები კოლუმბიაში, კოსტა-რიკასა და პერუში გამოვლინდა. დაინფიცირებულები უახლოეს წარსულში ევროპაში მოგზაურობდნენ. იტალიაში, ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, ვირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 197-ს მიაღწია. დაინფიცირებულია 4 ათასამდე ადამიანი.

ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა შვეიცარიაში და მათი რაოდენობა 216-ია. გერმანიაში 670 შემთხვევა გამოვლინდა, საფრანგეთში – 653, იაპონიაში – 420, ესპანეთში – 402 და ამერიკის შეერთებულ შტატებში – 335. საერთაშორისო მასშტაბით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების უკვე ასი ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსით 3 491 ადამიანი დაიღუპა. გამოჯანმრთელება კი 57 000-ზე მეტმა ადამიანმა მოახერხა.