აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, ეპიდსიტუაციის გართულების შემთხვევაში, აჭარაში წერტილოვანი შეზღუდვები ისევ დაწესდეს.
თორნიკე რიჟვაძე მიიჩნევს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა რეგიონმა ზაფხულში ტურისტების მიღება შეძლოს. რეგიონში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებას საყურადღებოდ მიიჩნევენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
გასულ კვირაში აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების გამო, ცხრა საჯარო სკოლა დაიხურა, გუშინ კი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ოთხი სკოლა ქობულეთში, ერთი კი ბათუმში. რეგიონში დახურულია რამდენიმე საბავშვო ბაღი.