ახალი შეზღუდვები - დაცარიელებული თბილისის ქუჩები

სიცოცხლის გადასარჩენად და ერთმანეთის დასაცავად დაცარიელებული ქუჩები. კორონავრუსის გავრცელების შეკავების მიზნით, უკვე სამი საათია ავტომობილებით მოძრაობა ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა. დაცარიელებული თბილისის ქუჩები პირდაპირ ეთერში.

მოქალაქეთა ნაწილი ფეხით გადაადგილდება. მოძრაობენ მხოლოდ შსს-ს კუთვნილი ავტომობილები, რომლებიც სიტუაციას აკონტროლებენ და ის მანქანები, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა აქვთ. 21 აპრილის ჩათვლით, დასჯადი გახდა ყველა სახის ავტომობილით გადაადგილება. სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქტის შესაძენად, ნებადართულია  ფეხით მისვლა. შეგიძლიათ ისარგებლოთ ე.წ. „დილივერი“ სერვისით. შეზღუდვა არ ეხება სადისტრიბუციო მანქანებს. ასევე, თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმური სამედიცინო მომსახურება კლინიკაში, მგზავრობისას თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის ან ტექნიკის გადაადგილება. სამსახურებრივი მიზნით, თქვენი სატრანსპორტო საშუალებით, თანამშრომლის სამსახურში გადაყვანის უფლება გაქვთ, მაგრამ აუცილებელია მგზავრთა განთავსების წესების დაცვა და შესაბამისი საშვის მოპოვება. იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ყველა დახურულ საჯარო სივრცეში. შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება პანდემიის ფონზე, ჩვენს ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა მომატებული რაოდენობისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო მთავრობამ.

იმ შემთხვევაში, თუ ფეხით მოსიარულეთა ნაკადი იქნება მზარდი, შესაძლოა, შეზღუდვა კიდევ უფრო გამკაცრდეს.

თბილისი მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვის შემდეგ [ფოტო]