ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

ერთი წელი ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან. შარშან პირველ დეკემბერს მოზარდებს შორის დაპირისპირებას დათო სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქმეზე სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს. დამნაშავეების დასჯას მოითხოვს დათო სარალიძის მამა – ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად დღეს რუსთაველის გამზირზე მსვლელობას გამართავს.

წლის ყველაზე რეზონანსულ, ხორავას ქუჩის საქმეს სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ომბუდსმენი წერს, რომ საზოგადოებას და დაზარალებულებს დღემდე არ აქვთ პასუხები მრავალ კითხვაზე. ნინო ლომჯარია მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, ყოველი თვის ბოლოს, წარადგინოს მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, ასევე, ინფორმაცია სახალხო დამცველის წინადადებასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაში გამოკვეთილ ხარვეზებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ; ასევე ლომჯარია წერს, რომ სახალხო დამცველის აპარატს შესაბამისი მასალების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.