ხმაური გამარჯვებისთვის – ვარდების მოედანზე, ნარკოტიკების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, აქცია გაიმართა. საპროტესტო შეკრება თითქმის 3 საათს გაგრძელდა. მოქალაქეები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, დაჩქარებული წესით განიხილოს და ახალ წლამდე მიიღოს კანონპროექტი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. ასევე, მოუწოდებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას დაიწყოს პოლიციის რეფორმა. პრეზიდენტს კი, თხოვნით მიმართავენ, წლის ბოლომდე მასობრივად შეიწყალოს ყველა პატიმარი, რომელიც სასჯელს ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდის. აქცია თეთრი ხმაურის მოძრაობის ორგანიზებით ჩატარდა. პარალელურად, დღეს ვარდების მოედანზე მივიდნენ სასულიერო პირები ტრანსფარანტებით – ნარკოტიკები, გზა ჯოჯოხეთისკენ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. შეკრება ინციდენტების გარეშე დასრულდა. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, აქცია გაიმართა ქუთაისშიც. მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ.