კიდევ ერთ დანაშაულებრივ სქემაში დავით კეზერაშვილის გვარის ხსენებამ მმართველ გუნდს ევროკავშირის მიმართ გაჩენილი ეჭვები გაუძლიერა. საქართველოში დაუსწრებლად გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და ე.წ. ქოლცენტრების ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ სქემებში თავდაცვის ექსმინისტრის ფიგურირება ხელისუფლებისთვის ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირების საკმარისი საფუძვლებია. ამიტომ ევროპის ქვეყნებში შეუფერხებლად გადაადგილებას „ქართული ოცნება“ საკუთარი ვერსიით ხსნის.
მმართველი პარტიის ლიდერები ვარაუდობენ, რომ საგამოძიებო მასალებისა და „ბიბისის“ სკანდალური საგამოძიებო ფილმის ფონზე, ხელშეუხებლობა და შეუზღუდავი გადაადგილების უფლება პოლიტიკური ინტერესებითაა განპირობებული და მას კონკრეტული პირობა აქვს. იგულისხმება კეზერაშვილის მხრიდან პოლიტიკური პროცესების დაფინანსება, რაც ექსმაღალჩინოსანმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავადაც დაადასტურა. სხვადასხვა საქმეში ბრალდებული და ზოგიერთ საქმეზე უკვე გასამართლებული კეზერაშვილის, ისევე როგორც ძებნილი კიდევ ერთი ყოფილი მინისტრის, ზურა ადეიშვილის თავისუფალი მიმოსვლის გამო, „ქართული ოცნება“ ევროკავშირისგან განმარტებებს ითხოვს.