ალბათ ყველამ იცის, რომ საარჩევნო კოლეგიის წევრების არჩევა დანიშნულია 3 ნოემბერს. ეს არის დღე, როდესაც გადაწყდება, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი მომდევნო 4 წლით. რაღა დარჩა, პრაქტიკულად ორთვენახევარი.
როგორც იქნა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, ვის ირჩევს თავის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად. ეს ამბავი ისე გაიწელა, რომ მოულოდნელობა აღარ ყოფილა.ამომრჩეველი უკვე დაღლილი ელოდებოდა ამ გადაწყვეტილებას. უნდა ითქვას, რომ ბაიდენმა პირობა შეასრულა. მან თქვა, რომ მეწყვილედ აირჩევს ქალს და აუცილებლად ფერადკანიანს. ასეც მოხდა, მან დაასახელა კამალა ჰარისი.
მე, პირადად, ვნატრობ იმ დროს, როდესაც პოლიტიკოსის, ლიდერის არჩევისას აღარ იქნება სასპეკულაციო ისეთი საკითხები, როგორიცაა კანის ფერი, სქესი და ნებისმიერი სხვა გარეგნული მახასიათებელი. ვნატრობ, როდის დადგება ის დრო, როდესაც არჩევანი გაკეთდება შეხედულებების, ხასიათის, უნარების, გაკეთებული საქმეების, რეპუტაციის და ა.შ. მიხედვით.
მაგრამ ვერაფერს იზამ, არჩევნები ამომრჩევლის გულის მოგებაა და დღეს ამომრჩეველი სწორედ ამ გარეგნულ თვისებებს უფრო აქცევს ყურადღებას და პოლიტიკოსებიც წარმატებით სპეკულანტობენ.
ვინ არის ქალბატონი კამალა? 55 წლის სენატორი კალიფორნიიდან, ინდოელი დედისა და იამაიკელი მამის შვილი. კალიფორნიის ყოფილი პროკურორი, ბაიდენის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მოწინააღმდეგე და კონკურენტი დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლაში.
კამალა ჰარისი მემარცხენეობისკენ იხრება, არ ვიცი, ეს მისი მრწამსია თუ ხარკს უხდის დღევანდელი დემოკრატიული პარტიის მიმდინარეობას. იგი გადასახადების კარდინალურ გაზრდას ემხრობა, მხარს უჭერს სამედიცინო მომსახურეობის „ობამაზაციას“, საყოველთაოდ გახდომას, რაც დეკლარაციად კარგია, მაგრამ ჯერჯერობით სავალალო პრაქტიკული შედეგები მოაქვს. იმედია, პროკურორობის გამოცდილება მას წესრიგის დამყარებისკენ უბიძგებს.
ყველაფერი წინ არის. დრო გვაჩვენებს, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა ბაიდენმა და რამდენად გაამართლებს კამალა ჰარისი მის მიზნებს. მიზანი კი ამომრჩევლის გააქტიურება, ფერადკანიანების მიმხრობა და მობილიზებაა. თუმცა რადიკალური მემარცხენე დემოკრატები მაინც ეჭვით უყურებენ კამალა ჰარისს და მაინცდამაინც დიდ ენთუზიაზმს არ გამოხატავენ.
ვნახოთ. ეს მოქმედებაც ჩვენს თვალწინ განვითარდება.