კახოვკის აფეთქებული კაშხალი - ვითარება ხერსონში

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად მდინარის სამხრეთით მდებარე დასახლებებში, წყლის დონე ეტაპობრივად იმატებს. ნაწილობრივ ან სრულად არის დატბორილი 50-მდე დასახლება. ქალაქ ხერსონში წყლის დონე 5 მეტრ-ნახევარს შეადგენს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ევაკუირებულია 2 ათასამდე ადამიანი. ოკუპირებული მარცხენა სანაპიროდან, რუსული ძალები 4 ათასამდე პირის ევაკუაციის შესახებ იუწყებიან. თავად კახოვკის წყალსაცავში კი წყლის დონე საათში 5-7 სანტიმეტრით იკლებს. თუკი წყალსაცავში წყლის დონე 12 მეტრსა და 70 სანტიმეტრს ჩამოცდება, ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური გასაგრილებლად წყლის გადაქაჩვას ვეღარ შეძლებს. ამჟამად, წყლის დონე 14 მეტრს აღწევს. ომის შესწავლის ინსტიტუტის ინფორმაციით, კაშხლის გარღვევის შედეგად გამოწვეული დატბორვის გამო, განადგურებულია მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მოწინავე ხაზზე არსებული რუსული თავდაცვითი პოზიციებიც.