„ჯერალდ ფორდი“ ვენესუელური  ნარკოკარტელების კვალზე 

პენტაგონის განკარგულებით, მსოფლიოში ყველაზე დიდი საბრძოლო გემი, ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ ევროპიდან, კარიბის ზღვის რეგიონში გააგზავნეს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შტატების არმია ვენესუელურ ნარკოკარტელებს ებრძვის. ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო კი ვაშინგტონს გამოგონილი საბაბით ომის გაჩაღების მცდელობაში სდებს ბრალს.

ტრამპის ქმედებებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ კაპიტოლიუმის ბორცვზეც. როგოროც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი სენატორების ნაწილი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ კარიბის ზღვის რეგიონში ნარკოტიკების გადაზიდვაში ჩართულ ნავებზე თავდასხმებს კონგრესის თანხმობა სჭირდება.

სამხედრო ექსპერტების ნაწილი კი ამბობს, რომ ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლას არ სჭირდება იმ რაოდენობის სამხედრო ძალის მობილიზაცია, რომელსაც პენტაგონი ახდენს და, შესაძლოა, ტრამპის რეალური ზრახვები ვენესუელაში რეჟიმის ცვლილების მიზანს ემსახურებოდეს.