იურიდიული კომიტეტის სხდომა
დაზარალებულს, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი დანაშაულით ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა. ცვლილებები ხუთ კანონში შედის. საკანონმდებლო პაკეტით ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს, ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან და მასთან დაკავშირებული პირისგან მიღებული ქონების ფარგლებში. ცვლილებით გათვალისწინებულია საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც დაზარალებულის კომპენსაციის საშუალება. დაგეგმილი ცვლილებებით დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც – ასეთ დროს, განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლება გარდაცვლილის მემკვიდრეებზე ან უფლებამონაცვლე პირზე გადავა.