ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანეს. ავიადარტყმები ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტის გასროლის საპასუხოდ განხორციელდა.

ერთ-ერთი რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა, მეორემ კი, ისრაელის ტერიტორიას ვერ მიაღწია. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელმა ავიადარტყმა ოთხ ობიექტზე – საწვრთნელ ბაზასა და იარაღის საწყობებზე განახორციელა.

პალესტინური მხარე საჰაერო იერიშის შედეგად 25 დაშავებულის შესახებ იტყობინება. არეულობა დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას მოჰყვა. დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში შეტაკებების შედეგად 230-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და ორი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი