ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ პოზიციები დაბომბეს
ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ პოზიციები დაბომბეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მოძრაობა „ჰამასის“ პოზიციები დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Haaretz-ი ავრცელებს. ავიადარტყმები ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტის გასროლის საპასუხოდ განხორციელდა. ერთ-ერთი რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა, მეორემ კი, ისრაელის ტერიტორიას ვერ მიაღწია და პალესტინელთა ანკლავში ჩამოვარდა.

როგორც ისრაელის შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ისრაელმა ავიადარტყმა საწვრთნელ ბაზაზე და იარაღის საწყობზე განახორციელა. პალესტინური მხარე საჰაერო იერიშის შედეგად 10 დაშავებული შესახებ იტყობინება.

მას შემდეგ, რაც 6 დეკემბერს დონალდ ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ განაცხადა, ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ტრამპის გადაწყვეტილებას პალესტინელების მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. შეტაკებების დროს დაიღუპა ერთი და დაშავდა 230-ზე მეტი ადამიანი.

როგორც სააგენტო Haaretz-ი წერს, ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან სამი რაკეტა გუშინაც ისროლეს. აქედან ერთი რაკეტა ისრაელში, ორი კი ანკლავშივე ჩამოვარდა. პასუხად, ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში ორი პოზიცია დაბომბეს.