ვითარება რთულია ახლო აღმოსავლეთშიც. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში მდებარე მაღალსართულიან შენობას დაარტყეს. როგორც ისრაელის მედია წერს, ეს იერიში იმ ფონზე განხორციელდა, როდესაც ისრაელი ცდილობს აიძულოს ღაზის მოსახლეობა დატოვონ ქალაქი და გადავიდნენ ღაზის სამხრეთ ნაწილში, ჰუმანიტარულ ზონებში. ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, „ჰამასის“ მებრძოლებს მაღალსართულიან შენობაში დამონტაჟებული ჰქონდათ სადაზვერვო ტექნიკა და სადამკვირვებლო პუნქტები, რათა დაეფიქსირებინათ ისრაელის ძალების გადაადგილება. პარალელურად, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორში იუწყებიან, რომ 6 სექტემბრის დილიდან ისრაელის თავდასხმებს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ღაზაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზის მოსახლეობას მოუწოდეს გადავიდნენ ანკლავის სამხრეთში, ახალ „ჰუმანიტარულ ზონაში“, რადგანაც ისრაელის არმიის სამხედრო ოპერაცია ფართოვდება.
„ჰამასის“ განცხადება ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებზე