ირაკლი შოთაძე მზად არის, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდეს
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზად არის, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდეს.
შეხვედრის მზაობა შოთაძემ მას შემდეგ გამოთქვა, რაც მედიაში ზაზა სარალიძის განცხადებები გავრცელდა, მის დისკრედიტაციასთან და სავარაუდო თვალთვალთან დაკავშირებით.
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მირზა სუბელიანის გავლენების გამო, კონფლიქტში მონაწილე სხვა მოზარდები ამ დრომდე პასუხისგებაში არ მიუციათ. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, მირზა სუბელიანის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და საქართველოს პროკურატურა ამ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულების უფლებებს იცავს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ზაზა სარალიძეს განცხადებებთან დაკავშირებით, გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.