ირაკლი კირცხალიას განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის პარალელურად, როდესაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები უნდა გაჟღერდეს, ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ გაკეთებული განცხადებები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს. კირცხალიას თქმით, „მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ბარამიძის მავნებლური განცხადებების შემდეგ, ნიკა გვარამიას პოზიცია კიდევ ერთხელ აყენებს საკითხს, რა ადგილი უკავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ოპოზიციის ევროპული ინტეგრაციის ხედვაში“. “საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ არის პოლიტიკური კომპრომისის საგანი. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას. საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს ყველა ნაბიჯი ამ მიზანს ემსახურება და ე.წ. პოლიტიკოსების მცდელობებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს“, – აღნიშნავს კირცხალია.