მამაკაცი, რომელიც რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გუშინ გაიქცა, სამართალდამცავებმა საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს. მას სანქციის სახით, ჯარიმის გადახდა მოუწევს. მამაკაცს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, მას თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუდასტურდა, რის გამოც „ცხელების ცენტრის“ ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ანალიზები აუღეს. თუმცა, ვიდრე ე.წ. ცხელების ცენტრიდან საკარანტინო სივრცეში დაბრუნდებოდა, პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.
რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელებას რეგიონში, ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შვიდი ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ერთ-ერთ ინფიცირებულს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა და კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, თურქეთში გადაიყვანენ.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთ-ერთს ვირუსი გუშინ დაუდასტურდა, ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია და რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია.