გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, ქართული დელეგაციის სახელით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მომავლის სამიტში, რომელიც გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის ინიციატივით მიმდინარეობს. ილია დარჩიაშვილი სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა ინტერაქტიულ დიალოგში, გლობალური მმართველობითი ინსტიტუტების გაუმჯობესებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მნიშვნელობას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე. ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებთან და ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკაზე. აღინიშნა, რომ ამის შედეგად ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება.
ქართველი დიპლომატის თქმით, ხელისუფლების მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის გლობალური სატრანსპორტო პროექტებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებით. გამოითქვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი.