რუსეთის ხელისუფლება მოსკოვსა და ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით იერიშის შესახებ იუწყება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყირიმის თავზე ღამით ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მოსკოვის მერის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ისტრის და რამენსკის რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მოიგერიეს. ამასთან, რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ორლოვსკის ოლქში დრონით იერიშის შედეგად ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა. ოლქის გუბერნატორის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა სამრეწველო ობიექტზე განთავსებულ საწვავის ავზს.