„რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადება აჩვენებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი განცხადება ცარიელი დაპირებებია – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთის მიერ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების მიწოდება ისტორიული შეცდომა იქნება, რომელსაც ღრმა შედეგები მოჰყვება. მან ასევე თქვა, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე. სი ძინ პინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ მიღებული საერთო დეკლარაციის თანახმად ქვეყნებმა არ უნდა განათავსონ ბირთვული იარაღი საზღვრებს გარეთ. ამ დეკლარაციის მიღებიდან რამდენიმე დღეში, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება.