Heritage Foundation-ის ანგარიში

ცნობილი ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის პუბლიკაცია დილიდან ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია.

„ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, საქართველო ნატოს წევრობას შესაძლოა ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული კომპრომისით დათანხმდეს. საუბარია კომპრომისზე, რომლითაც კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების გარანტიის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მეხუთე მუხლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დროებით არ ამოქმედდება.

კვლევაში ასევე წერია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში ამ საკითხის მიმართ დადებით პოზიციას აფიქსირებენ. თუმცა ოფიციალური თბილისი ამ ინფორმაციას ცალსახად უარყოფს.

ამავე ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება აშშ-ს და ევროპის ინტერესებში შედის.