შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ გომში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა. მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. გომში, პოლიციის შენობის არარსებობის გამო, პოლიციელებს მორიგეობა ავტომობილებში უწევდათ. პოლიციის ახალი შენობა 15 თანამშრომელზეა გათვლილი. მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე, შენობის დათვალიერების შემდეგ, ამავე განყოფილების თანამშრომლებს გაესაუბრა და სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.