გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმი მოქალაქეებს აფრთხილებს

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმი მოქალაქეებს აფრთხილებს და ე.წ. საზღვართან კონტროლს ამკაცრებს.

ატენისა და გორის მიტროპოლიტის გადაწყვეტილებით, წელს ოკუპირებული სოფელ აძვისთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება არ ჩატარდება.

მიტროპოლიტი ანდრია საზეიმო წირვას სოფელ მეჯვრისხევის ტაძარში აღავლენს. დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა საგანგებო განცხადება ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა. ოკუპირებული ცხინვალი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ დაუშვებენ რელიგიური ღონისძიებების ჩატარებას და საზღვრის კვეთის ყველა მცდელობა აღკვეთილი იქნება.

მურად ჯიოევმა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების და მრევლის სოფელ აძვისთავში გადასვლის სურვილს პროვოკაცია უწოდა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საკითხის დარეგულირებისკენ მოუწოდა.