საოკუპაციო რეჟიმმა 22 წლის ახალგაზრდა დააკავა
საოკუპაციო რეჟიმმა 22 წლის ახალგაზრდა დააკავა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულია ცხინვალის რეგიონიდან დევნილი, თბილისში მცხოვრები 22 წლის პირი, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებს ციხელაშვილმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

„ამ პროცესში ჩართული არიან როგორც ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რათა დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოხდეს. ამდენი წლის განმავლობაში უკანონო დაკავებები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა ხორციელდება და 22 თებერვალს, ყველაზე უარესი, ტატუნაშვილის დაკავება და მისი სიცოცხლის ხელყოფა მოხდა.

ეს ყველაფერი არის არა მხოლოდ უკანონო, პროვოკაციული და კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მიმართული, არამედ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისა და უფლებების წინააღმდეგ გამყოფი ხაზია და არავის ინტერესებში არ შედის – არც ქართველების, არც აფხაზებისა და არც ოსების“, – განაცხადა  ციხელაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, მსგავს გამოწვევებს თანმიმდევრული და პრინციპული ნაბიჯები დაუპირისპიროს, რომ სამშვიდობო კურსი და სვლა  ურყევი იყოს.