გიორგი ჭანტურია “მოამბესთან” ინტერვიუში, სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. სამსონ ქუთათელაძესთან დაპირისპირების ფაქტს კი კატეგორიულად გამორიცხავს. რამდენიმე საათის განმვალობაში ექსპერტ-კრიმინალისტები ჭანტურიას ორ ბინას განმეორებით ჩხრეკდნენ. კიდევ ერთხელ დაათვალიერეს მისი კუთვნილი ავტომობილიც.
საცხოვრებელი სახლებიდან, რუსთავსა და თბილისში, სადაც ჩხრეკა თითქმის ერთდროულად დაიწყო, გარკვეული ნივთებია ამოღებული, თუმცა, რას ეძებდა და რა აღმოაჩინა გამოძიებამ, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის.
ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამოღებული ნივთები მართლსაწინააღმდეგო არ არის. ჩხრეკის მიმდინარეობისას, რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე სახლში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო. ექიმებმა გიორგი ჭანტურიას მამა კლინიკაში გადაიყვანეს.