სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე აღდგენილია. დარიალის ხეობის მიმდებარედ ღვარცოფი განვითარდა. ტერიტორია მოსახლეობასთან დაშორებულია, შესაბამისად, ხელისუფლების განცხადებით, ადგილობრივებს საფრთხე არ ემუქრებათ. განგაშის სისტემის აქტივაციის გამო, საბაჟო გამშვებმა პუნქტმა „ყაზბეგი“ რამდენიმე საათით მუშაობა შეწყვიტა. გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იყო ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. ამავდროულად, პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა. გუშინ დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაციის შედეგად, სისტემამ საბაჟოს შესაბამისი სიგნალი გადასცა. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თანამშრომლები და მგზავრები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.