სკრიპალები და ახლა უკვე ალექსეი ნავალნი: ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გახმაურებული საქმის გამო, რუსეთს, შესაძლოა, სანქციები დაუწესონ. ბერლინის კლინიკიდან ნავალნის ანალიზების გამოთხოვის შემდეგ გერმანია ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საშუალებად ქიმიურ ნივთიერება „ნოვიჩოკს“ ასახელებს.
საბჭოთა კავშირში 70-80-იან წლებში შექმნილი ანალოგიური ნივთიერება იყო გამოყენებული ორი წლის წინ ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის – სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის დროსაც. მაშინ, როცა რუსეთი ბრალდებებს დასავლური სპეცსამსახურების პროვოკაციად აცხადებს, დასავლეთი შესაბამისი ზომების მისაღებად ემზადება. თუმცა, საპასუხო ქმედებებამდე, გერმანია ჯერ რუსეთის ხელისუფლების რეაგირებას ელის. მანამდე კი ბერლინში უკვე გააქტიურდა გაზსადენის პროექტ „ჩრდილოეთ ნაკადი ორის“ შეჩერების მოთხოვნა.