გეგმიური ვაქცინაცია

კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარდა, სპეციალისტები მოსახლეობას გეგმიური აცრების ჩატარებისკენაც მოუწოდებენ. პროფილაქტიკური აცრები მკვეთრადაა შემცირებული და თუ ის არ გააქტიურდება, ექიმები ოთხი წლის შემდეგ, სხვადასხვა ინფექციის ეპიდაფეთქებას პროგნოზირებენ.

მსოფლიოს მასშტაბით, დიფტერიის, ტეტანუსისა და ყივანახველას წინააღმდეგ აცრები ბოლო სამი წლის განმავლობაში 5%-ით შემცირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და იუნისეფის უახლესი მონაცემებით, ეს ვაქცინები, 2021 წელს 25-მა მილიონმა ბავშვმა არ მიიღო. ეს კი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნაა. გარდა ამისა, ჯანმოს ცნობით, მეოთხედითაა შემცირებული პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რაც ქალების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

სპეციალისტები ვაქცინაციის მსურველთა კლებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან, მათ შორისაა ის, რომ გაიზარდა კონფლიქტების პირობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა, ასევე ნეგატიური როლი შეასრულა „კოვიდ-19“-მაც, რომლისგან თავდაცვის მიზნით ადამიანები ხშირად უარს ამბობდნენ სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტზე.