„პუბლიკა“ შალვა პაპუაშვილს პასუხობს. ონლაინმედიის რედაქციაში პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას მუქარად და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზეწოლად მიიჩნევენ. განცხადებაში ვკითხულობთ: „პუბლიკა“ ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ. აქვე აღვნიშნავთ, რომ „პუბლიკამ“ დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე, გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება ხვალ დაანონსებულ აქციაზე. შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით. პაპუაშვილის ამ განცხადებას „პუბლიკის“ თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად“ – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ „პუბლიკა“ რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას.