გამკაცრებული პოლიტიკა ხე-ტყის უკანონო ჭრაზე

სვანეთში მიმდინარე მოვლენები პრემიერის დღევანდელ განცხადებას უკავშირდება.

მთავრობა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის კონტროლს ამკაცრებს. ყველაფერი გამთენიისას მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერიდან დაიწყო, სადაც საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ხის სახერხი საამქროების შესამოწმებლად შევიდნენ. ფაქტს მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა, პროტესტი სოფელ ხაიშში გაგრძელდა. სიტუაცია კი განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე შსს-ს სპეც-რაზმი გამოჩნდა. დღის განმავლობაში ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა. ხაიშში განვითარებული პროცესების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს განმარტებების გაკეთება დასჭირდათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ხის უკანონო სახერხების გამოსავლენად ანალოგიური საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს.