საქართველო იმ 141 ქვეყანას შორისაა, რომელმაც მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან. დოკუმენტის წინააღმდეგ შვიდმა ქვეყანამ მისცა ხმა, მათ შორის რუსეთმა, ბელარუსმა და სირიამ. 32-მა ქვეყანამ კენჭისყრაზე თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის პროექტი 75 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მიერ იყო დასპონსორებული. შინაარსი მოიცავს მოწოდებას, დამყარდეს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა.
რეზოლუცია მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები. ცალკე აღნიშნულია, რომ ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე სათანადო, სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიებებისა და სამართლებრივი დევნის გზით, უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაყენება მოხდეს.