ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ექვსი ფაქტი გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, პასუხისგებაში 23 მეწარმე მიეცა, მათგან 17 პირი პატიმრობაში იმყოფება, ექვს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. მათზე ძებნა გამოცხადდა.

გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურებს, ასევე იქმნიდნენ ყალბ აქტივს, რომელსაც შემდგომში საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისთვის იყენებდნენ.

უწყების ინფორმაციით, დადგენილია, რომ ყალბად შექმნილი აქტივის ოდენობა 85 000 000 ლარს აღემატება.