ფიფა-ს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

საქართველოს სპეციალური ვიზიტით ფიფა-ს პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ეწვია. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანი ინფანტინოსთან ერთად, საქართველოში ფიფა-ს სხვა მაღალჩინოსნებიც იმყოფებიან, მათ შორის, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი.

სტუმრებმა დაათვალიერეს საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ყოფილი „ავაზას“ ტერიტორია, სადაც ფეხბურთის ფედერაციის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა ფიფა-ს თანადაფინანსებით მიმდინარეობს. ამის შემდეგ სტუმრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გადაინაცვლეს, სადაც ფიფა-ს პირველმა პირმა მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.