კახელმა ფერმერებმა ხორბლის რეალიზაციაში შექმნილი პრობლემის გამო, თბილისი-ბაკურციხის ავტომაგისტრალზე, სოფელ ჩალაუბანთან საპროტესტო აქცია გამართეს. ფერმერები ამბობენ, რომ ასობით ტონა შარშანდელი ხორბლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ამის მიზეზად რუსეთიდან დიდი რაოდენობის დაუბეგრავი ფქვილის შემოტანას ასახელებენ და მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ იმპორტულ ფქვილზე გადასახადი უნდა დააწესოს.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი ფერმერები სახნავ-სათესი ფართობების დაკარგვის საშიშროების წინაშეც აღმოჩნდნენ, მათი თქმით, საწყობების ასაშენებლად და მოსავლის მოსაყვანად აღებული კრედიტის გადახდას ვერ ახერხებენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ქვეყანაში პრიორიტეტი იყოს ადგილობრივი წარმოების ხორბალი და მისი რეალიზაცია. მათივე თქმით, თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნება რეაგირება, პროტესტი მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.