ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა, არჩილ მალაყმაძემ ექვსიდან ხუთი ცდა გამოიყენა.
17 წლის ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის B ჯგუფში ასპარეზობს, ატაცში 133; 138 და 141 კილოგრამი დაძლია, რაც ჯგუფის ხუთ წევრს შორის საუკეთესო შედეგი იყო.
წარმატებული გამოდგა მეორე დისციპლინის დასაწყისიც. პირველ მისვლაზე მან 160 კილოგრამი აკრა. მეორეზე ძელი ერთბაშად შვიდი კილოგრამით დამძიმდა და არჩილმა წონა ამჯერადაც დაძლია. ერთადერთი ცდა, რომელიც მალაყმაძემ ვერ გამოიყენა, 171 კილოგრამის აკვრა იყო და შედეგად ჯამური 308 კილოგრამით, იგი B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება აკვრას, მისი შედეგი ამ დისციპლინაში მეოთხე იყო. საბოლოოდ B ჯგუფი ჯამური 309 კილოგრამით რუმინელმა პაულ დიმიტრასკუმ მოიგო.
აღსანიშნავია, რომ მალაყმაძე სპორტის სასახლის ფიცარნაგზე სპეციალური სამკლავურით ავიდა, რომელიც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, დღეს ნაკრების ყველა წევრსა და ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს ეკეთათ.
დღეს უკვე დასრულდა ასპარეზობა ქალთა შორის 64 კილოგრამი წონითი კატეგორიის C და B ჯგუფებში. ამ წონითი კატეგორიის C ჯგუფში იყო მაკა ვეფხვაძე. საბოლოოდ 19 წლის ქართველმა გოგონამ, ექვსივე ცდა გამოიყენა და ორჭიდის ჯამში 166 კილოგრამი მოაგროვა. ამ შედეგით მან ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა.