რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ გამოხმაურება მოჰყვა ევროპაში. საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინის წინადადებას „არასაკმარისი“ უწოდა. ამის შესახებ მან განცხადება კიევიდან საფრანგეთში დაბრუნებისას გააკეთა. მოგვიანებით, მაკრონმა სოციალურ ქსელ იქსში დაწერა, რომ მოლაპარაკებები აქტიური საბრძოლო მოქმედებების ფონზე ვერ გაიმართება. მან მოუწოდა რუსეთს დათანხმდეს 12 მაისიდან 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას. ანალოგიური განცხადება გააკეთა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მისი თქმით, პუტინის ინიციატივა იმას ნიშნავს, რომ როდესაც ევროპას სურს ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთს ომის გაგრძელება უნდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 10 მაისი იყო პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის და რომ სისხლისღვრა უნდა დასრულდეს.