რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება გუშინ შესთავაზა. ვლადიმერ პუტინმა კრემლში ჟურნალისტებთან საუბრისას კონკრეტული თარიღი და ადგილიც დაასახელა– 15 მაისი, სტამბოლი. პუტინმა თქვა ისიც, რომ ის ხვალ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბარს გეგმავს და აპირებს სთხოვოს უზრუნველყოს თურქეთში მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლებლობა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებების დროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაც არ გამორიცხა. ვლადიმერ პუტინმა ასევე კიევს ბრალი დასდო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების დარღვევაში. მისი თქმით, უკრაინამ „დემონსტრაციულად, დაახლოებით 130-ჯერ“ დაარღვია 30-დღიანი მორატორიუმი ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებზე, რომელიც 18 მარტიდან 17 აპრილამდე მოქმედებდა და აშშ-ს პრეზიდენტთან იყო შეთანხმებული.