ოთხდღიანი ხმის მიცემის პროცესი ზოგი ქვეყნისთვის მოსალოდნელი, ზოგისთვის კი მოულოდნელი აღმოჩნდა. ულტრამემარჯვენე ძალებმა ევროპარლამენტში პოზიციები გაიმყარეს, თუმცა, ევროპარლამენტში ცენტრისტული უმრავლესობა შენარჩუნებულია. მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში კვლავ უმსხვილესი პარტია იქნება და პროგნოზების თანახმად, 720-ადგილიან პარლამენტში მას 184 ადგილი ექნება.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიას, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ვადით უხელმძღვანელებს. მეორე ადგილზე გავიდა მემარცხენე-ცენტრისტული სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფი, რომელთა პოზიციები მცირედით შესუსტდა. მათ, სავარაუდოდ, 135 მანდატი ექნებათ. ლიბერალურმა ჯგუფმა „განახლებამ“ კი, ადგილები მნიშვნელოვნად დაკარგა. მათ დაახლოებით 20 ადგილით ნაკლები ექნებათ და ბოლო მონაცემებით, 83 დეპუტატი ეყოლებათ. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპის „სახალხო პარტია“ ევროკავშირში რჩება სტაბილურობის ღუზად.