ევგენი პრიგოჟინის განცხადება

„ჩვენ არ წავსულვართ ქვეყანაში ხელისუფლების დასამხობად“, – ეს განცხადება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გააკეთა. აუდიოჩანაწერს პრიგოჟინის პრესსამსახური ტელეგრამ არხზე ავრცელებს. ევგენი პრიგოჟინი საუბრობს „ვაგნერელების“ მომზადების მაღალ დონესა და მათ მიზანზე. პრიგოჟინს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, სად იმყოფება ამჟამად, თუმცა, კრემლში შაბათს განაცხადეს, რომ პრიგოჟინი ბელარუსში მიემგზავრება ღალატის ბრალდების მოხსნის სანაცვლოდ. არსებული ცნობებით, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი, რომელიც როსტოვიდან გაფრინდა, დღეს დილით დაეშვა მინსკის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომზე. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ იმყოფებოდა ბორტზე.