კრემლმა ევგენი პრიგოჟინთან შეთანხმებას მიაღწია

„ვაგნერის“ ნაწილებმა რუსეთის დაკავებული ტერიტორიები სრულად გაათავისუფლეს. მებრძოლებმა ცოტა ხნის წინ დატოვეს ლიპეცკის რეგიონიც და მოსახლეობას გაუგზავნეს შეტყობინებები, რომ ყველა შეზღუდვა მოხსნილია. რეგიონში აღდგა მასობრივი ღონისძიებები და საავტომობილო მოძრაობა. მანამდე, ევგენი პრიგოჟინმა და „ვაგნერის“ ყველა მებრძოლმა დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქი დატოვეს. მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მისი მებრძოლების ბანაკებზე საჰაერო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა და მოსკოვისკენ ე.წ. სამართლიანობის მსვლელობის მოწყობით დაიმუქრა, „ვაგნერის“ მებრძოლებმა როსტოვსა და ვორონეჟში სამხედრო ობიექტები დაიკავეს. საბოლოოდ, კრემლსა და ვაგნერის ხელმძღვანელს შორის ლუკაშენკოს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შედეგად, დაქირავებული მებრძოლების კოლონები თავიანთ ბანაკებს უბრუნდებიან. კრემლის ცნობით, პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდება და ის ბელარუსში გადავა. ასევე არ მოხდება ვაგნერის მებრძოლების დაკავება. იმ მებრძოლებს კი, რომლებსაც ამბოხში მონაწილეობა არ მიუღიათ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტზე ხელის მოწერა შეეძლებათ.