ერთი ტონა ჰეროინის საქმეზე დაკავებული ქართველი მძღოლი გაათავისუფლეს
ერთი ტონა ჰეროინის საქმეზე, ირანისა და სომხეთის საზღვარზე, 2014 წელს დაკავებული ქართველი მძღოლი, ავთანდილ მარტიაშვილი სომხეთის სასამართლომ გაათავისუფლა. 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პირველი კომენტარი მარტიაშვილმა საქართველოს პირველ არხს მისცა. ციხიდან გამოსვლის მოტივი, პატიმრობის პირობებში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.
ყოფილი მსჯავრდებული, რომელიც წარდგენილ ბრალს დაკავების დღიდან კატეგორიულად უარყოფდა, ამბობს, რომ ის სომხეთის ეროვნული კრების ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დახმარებით გაათავისუფლეს.
ავთანდილ მარტიაშვილი თურქულ კომპანიაში მძღოლად მუშაობდა. ერთ-ერთი გადაზიდვისას, მის ავტომობილში ერთ ტონამდე ჰეროინი აღმოაჩინეს. მარტიაშვილი ადგილზე დააკავეს, მისი დამქირავებელი თურქეთის მოქალაქე კი მიიმალა, მაგრამ მალე ისიც დააკავეს. მან ბრალი აღიარა და თქვა, რომ ქართველმა მძღოლმა ნარკოტიკის არსებობის შესახებ არ იცოდა.