ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ახალი კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან, სავარაუდოდ, ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია.  13 ახალი ინფიცირებულიდან, ერთი საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ნაწილი კი ე.წ. იმპორტირებული შემთხვევებია და პაციენტებს ვირუსის სიმპტომები საკარანტინო სივრცეებში გამოუვლინდათ. ამ დროისთვის, საერთო სტატისტიკა ასეთია – ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 864 ადამიანს აქვს დადასტურებული, აქედან 13 ადამიანს ვირუსი დღეს დაუდასტურდა, განკურნებულია 703 პაციენტი. გარდაიცვალა 14 ადამიანი.

პისიარ“ ტესტი ამ დრომდე საქართველოში 76 000-მდე პირს ჩაუტარდა. რაც შეეხება ინფიცირებულ მედპერსონალს, კვლავ მზარდია რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო კლასტერი, სადაც ჯამში ცხრა კოვიდინფიცირებულია. გუშინ 80 ლაბორატორიული ნიმუშიდან კოვიდ-19 კლინიკის სამ თანამშრომელს  დაუდასტურდა.

ჯერჯერობით კვლავ დაუდგენელია, როგორ გავრცელდა ვირუსი რესპუბლიკური საავადმყოფოს მედ-პერსონალში და ვინ არის ინფიცირების პირველწყარო, ეპიდემიოლოგები ამ დრომდე კვლევას აწარმოებენ.