კათოლიკოს-პატრიარქისთვის „კოვიდ-19“-ზე ტესტის ჩატარება ამ ეტაპზე არ იგეგმება, – ამის შესახებ საპატრიარქო იუწყება, სადაც დღეს ეპიდემიოლოგთა ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ილია მეორის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, ადგილზე სპეციალისტების გამოძახება გახდა საჭირო.
საპატრიარქოში კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობდა. სპეციალური ჯგუფის წევრებმა შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს. პატრიარქის პირადი ექიმის განმარტებით კი, საპატრიარქოში გადაადგილება მკაცრად კონტროლდება და ყოველ მესამე დღეს ტესტირება ტარდება. ამასთან, ცისანა შარტავა ამბობს, რომ ამ წუთისთვის მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს და არანაირი საეჭვო სიმპტომი არ აქვს.