ეკონომიკური საბჭოს სხდომა

2024 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება ისევ გაგრძელდება – საუბარია მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებზე. ამის შესახებ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადეს. შეხვედრაზე მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს. საბჭოს სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ხელმძღვანელობით გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე იმსჯელეს. განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე ისაუბრეს ციტრუსის ექსპორტის საკითხზეც.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სუბსიდია ძალაში რჩება. მინისტრის თქმით, 2024 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სარეიტინგო ქულების მიხედვით მოხმარებული ელექტროენერგია 12,5 თეთრამდე დაუფინანსდებათ. შეღავათით 250 000-მდე ოჯახი ისარგებლებს.